მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ეკონომიკური კავშირების ზრდისა და გამყარების კუთხით.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური კავშირების მზარდ დინამიკაზე, აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ასევე საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს საინვესტიციო მიმართულებით, კერძოდ, ხაზი გაესვა თურქული კომპანიების აქტიურ საქმიანობას, რომლებიც სხვადასხვა სფეროშია დივერსიფიცირებული და მათ მიერ შეტანილ წვლილს საქართველოს ეკონომიკაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და თურქეთის ელჩს შორის შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა სხვადასხვა სექტორში შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის ვაჭრობის მიმართულებით, ასევე ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ წელს პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობით თურქეთი მეორე ადგილს იკავებს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ესწრებოდა.

Back to top button