„ტყლაპტვინობის“ პრობლემა ქვეყნის უახლეს ისტორიაში

„ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ 50 000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად ტყლაპი აქვს. აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება. აფხაზეთი, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, რომლის გადაწყვეტა გადის რუსეთის იმპერიის დასუსტებაზე და სავარაუდო დაშლაზე“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა უკრაინის მოქალაქემ, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა.

ზოგადად, ბოლო წლებში, სააკაშვილის პოზიციები დროის გასვლის პარალელურად გეომეტრიული პროგრესიით სცილდება რეალობას და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მისი განცხადებები რეალობასთან მაშინაც კი არ იყო მაინცდამაინც ახლოს, როდესაც პოპულარობის პიკში იმყოფებოდა, ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაშია ის დღეს, მითუმეტეს, რომ ამჟამად ვითარებას ციხის ერთადგილიანი საკნიდან აფასებს.

აქედან გამომდინარე, სააკაშვილის განცხადებებზე პასუხის გაცემა დროის ფუჭად ხარჯვაა, თუმცა,  როდესაც ეს განცხადება პირდაპირაა მიმართული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზის დამაზიანებლად, როდესაც ეს განცხადებები პირდაპირაა მიმართული ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ურთიერთობის გასამწვავებლად,  ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება, სააკაშვილს პრეზიდენტად მოღვაწეობის წლებიდან გარკვეული ფრაგმენტები შევახსენოთ:

მანამ, სანამ 2008 წლის აგვისტოს კატასტროფამდე ქვეყანა მივიდოდა, როგორც ყველას ახსოვს, სააკაშვილმა გააჩაღა აგრესიული პიარ-კამპანია როგორც აფხაზეთის, აგრეთვე ე.წ. სამხრეთ ოსეთის (ჯერ კიდევ) მხოლოდ თვითგამოცხადებული და თვითაღიარებული მთავრობების მიმართ და ეს მოხდა სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზემოქმედების მიზნით.

მანამ კი სახეზე გვაქვს 2004 წლის კატასტროფა, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ასლან აბაშიძის წასვლით ფრთებშესხმულმა და საკუთარ ძლევამოსილებაში დარწმუნებულმა სააკაშვილმა ანალოგიური პიარ-იერიში (გლეხებისთვის სასუქის დარიგება) სამაჩაბლოზეც მიიტანა, თუმცა ეს როგორც დასრულდა  ყველამ კარგად იცის… ის ჩვენი ახლო ისტორიის ერთ-ერთ ავადსახსენებელ ფურცლად დარჩა.

მოგვიანებით კი, 2006-2007 წლებში ფართოდ გაიშალა მოძრაობა – „კოკოითი ფანდარასტ“, რომელმაც ასევე კრახი განიცადა და რომლის ერთ-ერთმა ლიდერმაც მოგვიანებით პრესასთან ოფიციალურად აღიარა, რომ ამ მოძრაობაში შეგზავნილ რუსეთის აგენტურას წარმოადგენდა.

პარალელურად, გვახსოვს, როცა სააკაშვილმა ანალოგიური, იაფფასიანი, ტაშფანდურზე აწყობილი პიარ-კამპანია ააგორა აფხაზეთთან მიმართებითაც.

ამის ნათელი მაგალითია ზაზა კორინთელის (ზუმბა) სიმღერაზე გადაღებული კლიპი „გამარჯობა აფხაზეთო შენი“…

დიახ, სწორედ იმ კლიპზეა საუბარი სადაც მომღერლები გემებით, მატარებლით, „იკარუსებით“, ტაქსებით და თქვენ წარმოიდგინეთ, კატერებით, მოტოციკლეტებით და „ავტოსტოპითაც“ კი სოხუმში გვეპატიჟებოდნენ.

ხოლო ფრთიანი ფრაზები – „ერთი ბილეთი სოხუმამდე“, „მოდიხარ? ჩვენთან სოხუმში მოდიხარ?“ და ა.შ. დიდხანს იყო საზოგადოების ირონიის საგანი.

რა თქმა უნდა სოხუმზე გადაღებული პიარ-კლიპი მთავარსარდლის გარეშე არ იქნებოდა და მას სააკაშვილის შემდეგი სიტყვები ამშვენებს: „საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალაქი არის სოხუმი და ჩვენ სოხუმი უნდა ავაშენოთ ზუსტად ახლა“…

მართალია, მოგვიანებით სააკაშვილმა სამაჩაბლოსაც და აფხაზეთსაც ქვების გროვა უწოდა და კიდევ უფრო მეტი, ისიც კი განაცხადა, რომ სოხუმი საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს ყოფილაო, მაგრამ ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია, დღესაც, ციხის საკნიდან ერთის მხრივ პატრიოტად, სინამდვილეში კი მაოხრებელ გზირად მოგვევლინოს.

დიახ, სწორედ მაოხრებელი გზირი შეიძლება ეწოდოს ადამიანს, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას მინიმუმ, 2008 წლის კატასტროფული შედეგები ვერ აარიდა და დღეს, პასუხისგებაში მიცემული, ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველ და აფხაზ ხალხს შორის წყალი აამღვრიოს.

ისევ სააკაშვილისთვის საყვარელ სიტყვას – „კარტინკებს“ რომ დავუბრუნდეთ… მას ექსპრეზიდენტი მრავლად დგამდა გამყოფი ხაზის მიმდებარედ, როგორც აფხაზეთის ადმინისტრაციულ, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან.

რაც შეეხება სააკაშვილის პიარ-ღონისძიებების ფინანსურ მხარეს: რა თქმა უნდა სააკაშვილი მსგავს „კარტინკებში“ ფულს არ იშურებდა და კლიპში – „გამარჯობა აფხაზეთო შენი“, მხოლოდ მომღერლებისთვის გადახდილმა თანხამ რამდენიმე ათეული ათასი ლარი შეადგინა, ხოლო თუ კლიპის მასშტაბებს გავითვალისწინებთ, სადაც უამრავი ძვირადღირებული სცენაა ჩასმული და თუ ამას სცენარის, რეჟისურის, ოპერატორის, მონტაჟისა და აპარატურის ხარჯებს დავუმატებთ, სავარაუდოდ კლიპის ღირებულება მილიონ ლარს ბევრად სცილდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვინდა მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე კითხვით მივმართოთ:

  1. გქონდათ თუ არა თავში აზრების მაგივრად ტყლაპი, როდესაც გამყოფი ხაზის იქეთ მცხოვრებ ჩვენ აფხაზ და ოს მოქალაქეებს ხან პიარ-ტაშფანდურებს უმართავდით ხან კი დახმარების მოტივით ცდილობდით გლეხებისთვის სასუქი მიგეწოდებინათ. თუ მაშინაც ფიქრობდით, რომ „50 ათასი აფხაზის შემორიგებით აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა არ მოხდება“, რატომ დგამდით სპექტაკლებს და რატომ ხარჯავდით ფულს?
  2. გქონდათუ თუ არა თავში აზრების მაგივრად ტყლაპი, როდესაც ახალგორი და კოდორი, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლების სრული იურისდიქცია ვრცელდებოდა, დროებით მიტაცებული ადმინისტრაციული რეგიონების ტერიტორიად გამოაცხადეთ და ამით 2008 წელს საბაბი მიეცით მათ, რომ მიტაცებული ტერიტორიების ფართობი კიდევ უფრო გაზრდილიყო?
  3. გქონდათ თუ არა თავში აზრების მაგივრად ტყლაპი, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებდით და როდესაც „რუსეთი ჯერ კიდევ დაშლილი არ იყო?“ როგორც აცხადებთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ რუსეთის დასუსტებაზე და მის სავარაუდო დაშლაზე გადის… იცოდით თუ არა, რომ იმ პერიოდში რუსეთი არც დასუსტებული იყო და არც დაშლილი? ხოლო თუ იცოდით და მაინც აღნიშნულ ავანტიურის შემცველ ნაბიჯებს დგამდით, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თავში აზრების ნაცვლად ტყლაპი გქონდათ?
  4. გქონდათ თუ არა თავში აზრების მაგივრად ტყლაპი, როდესაც, 2007 წლის ბოლოს დევნილებს ჰპირდებოდით, რომ მომავალ წელს ისინი მშობლიურ კერასთან შეხვდებოდნენ? თან ამბობდით, რომ „არასდროს საკუთარ განცხადებაში ისე დარწმუნებული არ ყოფილხართ როგორც მაშინ?“ იმ დროს ნამდვილად ფიქრობდით, რომ რუსეთი დასუსტებული ან უფრო მეტიც, დაშლილი იყო, თუ თავში მაშინაც ტყლაპი გქონდათ?
  5. გქონდათ თუ არა თავში აზრების მაგივრად ტყლაპი, როდესაც სრულიად საქართველო საკუთარი სიჩაუქით და სიმამაცით განაცვიფრეთ, განმუხურში უიარაღოდ ეკვეთეთ ჯერ კიდევ სამშვიდობო ძალებად წოდებულ სამხედროებს და კბილებამდე შეიარაღებულ რუს ჯარისკაცებს თავიანთი მეთაურიანად უკან დაახევინეთ? (მართალია, ბოროტი ენები ამბობენ, რომ ამ „კარტინკაში“ რუს სამხედროებს მსუყედ „გაუმაზეთ“ მაგრამ ამას ვინ დაიჯერებს)

სააკაშვილის გამონათქვამებს მართალია, უკვე სერიოზულად აღარავინ აღიქვამს და გამორიცხულია, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციაში მყოფი ტერიტორიის მოსახლეობის აზრზე ამან რაიმე გავლენა მოახდინოს, მაგრამ მსგავს განცხადებებს საკუთარი პროპაგანდისთვის ძალიან კარგად იყენებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ექსტრემისტული ძალები, რომლებიც რა თქმა უნდა, ასეთ პროპაგანდისტულ „სატოპკეს“ დაბლა არ დაუშვებენ.

P.S. მასალა უკვე დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც სააკაშვილი ქართველი და აფხაზი ერის შვილის, დაურ ბუავას ტრაგიკულ გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა… სამწუხაროდ, ისევ პროვოკაციული ქვეტექსტებით და სიძულვილის ენით:

„დაურ ბუავა განსაკუთრებით კეთილშობილი აფხაზი ახალგაზრდა იყო და ასეთებს უნდა მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ და მისი სიკვდილი ტრაგედიაა. თუმცა დაური პატარა უმცირესობას წარმოადგენს აფხაზთა შორის.

აბა თვითონ დაუფიქრდით ფაქტს. აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკურ აფხაზთა რაოდენობა არის მაქსიმუმ 50 ათასი. ამათგან 45 ათასი შესახლებულია ძირითადად ქართველებისგან და ასევე ბერძნებისგან, ესტონელებისგან, ებრაელებისგან წართმეულ სახლებში. ისინი არიან დანაშაულის მონაწილე და თქვენ მოელით რომ ყაჩაღს რომელმაც სახლი წაგვართვა თქვენ უნდა უყვარდეთ?

ყაჩაღები ჯერ ამ სახლებიდან გასაყრელია და თუ და თუ დაუბრუნდებიან თავის ძველ სახლებს, უმეტესად გუდაუთაში და აღიარებენ ქართულ სახელმწიფოს, მაშინ რა თქმა უნდა არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“.

და ბოლოს, მივმართავთ ხელისუფლებას: შესაძლოა, პოლიტიკურად გაწყობდეთ ის რეალობა, რომ სააკაშვილს ნებისმიერი შინაარსის წერილის გამოქვეყნება შეუძლია სოციალური ქსელის საშუალებით, ვინაიდან, რაც უფრო მეტ სისულელეს იტყვის, მით უფრო მალე მიხვდებიან მისი მცირედი მხარდამჭერებიც კი რასთან ან ვისთან აქვთ საქმე, მაგრამ მაოხრებელი გზირის ფუნქცია ისაა, რომ სოფელს/ქვეყანას ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფმა ავნოს და კარგი იქნება თუ ამაზეც დაფიქრდებით.

 

სარედაქციო სტატია

Newspress.ge 2026 ©

31.08.2026 წ

Back to top button