
„Trump Tower Tbilisi, რომელიც ფართომასშტაბიანი პროექტის – Downtown Tbilisi-ის მთავარ და გამორჩეულ ელემენტს წარმოადგენს, საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნის და რომელიც უძრავი ქონების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბრენდად ჩამოყალიბდა” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა პროექტის პარტნიორებს საქართველოსადმი გამოჩენილი ნდობისა და მასშტაბური საინვესტიციო გადაწყვეტილებისთვის.
„თბილისში იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც საინვესტიციო მოცულობით, კონცეფციითა და მასში ჩართული საერთაშორისო პარტნიორების შემადგენლობით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო რუკაზე. დარწმუნებული ვარ, ქართულ და ამერიკულ კაპიტალზე დაფუძნებული ეს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტი თბილისის ახალ სავიზიტო ბარათად იქცევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და საერთაშორისო ცნობადობის შემდგომ ზრდაში” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ მისი მასშტაბითა და განვითარების არეალით არ შემოიფარგლება.
„პირველ რიგში, ეს არის საქართველოს მზარდი საინვესტიციო მიმზიდველობის მნიშვნელოვანი დასტური და ნდობის გამოხატულება მისი ეკონომიკის, სტაბილურობის, განვითარების დინამიკისა და გრძელვადიანი პერსპექტივის მიმართ. ნდობის საფუძველს ქმნის სტაბილური და პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემო, რომლის ჩამოყალიბებასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა და ძალისხმევა ემსახურებოდა” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.