მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველო კიდევ უფრო ამყარებს საკუთარ პოზიციას, როგორც კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების საიმედო მარშრუტი

„ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ენერგიის მწარმოებელი, გამტარი და დამაკავშირებელი სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც კასპიის რეგიონს, შავ ზღვასა და ევროპას ერთ ენერგეტიკულ სივრცეში აკავშირებს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ პროექტზე – შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ ხაზზე.

„წელს პროექტს ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიენიჭა. წლის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი შავი ზღვის ფსკერის კვლევაზე. მაგრამ ჩვენი ხედვა მხოლოდ ერთ კაბელს არ ეხება. ჩვენ ვმუშაობთ უფრო დიდ სურათზე, ვმუშაობთ „მწვანე დერეფნის პროექტზე” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში ქვეყანა აძლიერებს თანამშრომლობას აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ბულგარეთთან და რუმინეთთან. მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველოს ახალი ენერგეტიკული როლი.

„ამავე სტრატეგიის ნაწილია ნავთობისა და გაზის სექტორიც. აზერბაიჯანის მთავრობასთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წელს, მივაღწიეთ შეთანხმებას „ბაქო-სუფსის” ნავთობსადენის სრული დატვირთვით ამოქმედებაზე. ეს არის ეკონომიკური სარგებელიც და სტრატეგიული ფუნქციაც. საქართველო კიდევ უფრო ამყარებს საკუთარ პოზიციას, როგორც კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების საიმედო მარშრუტი” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

Back to top button