საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

“აღნიშნული ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, 2026 წლის 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შესახებ.

საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საარჩევნო უბნების გახსნა და ფუნქციონირება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის კიდევ ერთ აშკარა გამოვლინებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის ფედერაციის აღნიშნული უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.

საქართველო კვლავაც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას” – აცხადებენ სამინისტროში.

Back to top button