საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი – დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

არჩევნები მიმდინარეობს დმანისში, სადაც საარჩევნო უბანი – სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორისაა გახსნილი. შუალედურ არჩევნებზე რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან “ქართული ოცნება” და “ძლიერი საქართველო – ლელო”.

გამარჯვებისთვის “ქართული ოცნებიდან” ირაკლი სარსევანიძე, პარტია “ლელოდან” კი ვაჟა ნონიაშვილი იბრძოლებენ. საარჩევნო პროცესი დილის 08:00 საათზე, ხარვეზების გარეშე დაიწყო და მშვიდ ვითარებაში გრძელდება.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი.

“დმანისის 24-ე ოლქის 35-ე საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. ხმის მიცემის პროცედურები მოსახლეობის მხრიდან ყველანაირად არის დაცული, ამიტომ მოსახლეობის აქტიურობაც შესამჩნევია. საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ საკრებულოში, მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. სწორედ, ჩვენი კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე არის ის პიროვნება, ახალგაზრდა კანდიდატი, რომელიც იქნება ჩვენი მოსახლეობის ხმა ჩვენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში”, – ამბობს კობა მურადაშვილი.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის – ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

Back to top button