სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი FAO-ს გლობალურ გამოფენაში მონაწილეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გლობალურ გამოფენაში „თესლიდან საკვებამდე“ მონაწილეობს. გამოფენა სურსათის მსოფლიო ფორუმის 2026 წლის ღონისძიებების ფარგლებში იმართება და მასში 140-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელია ჩართული.

გამოფენა ოფიციალურად გახსნეს FAO-ს გენერალურმა დირექტორმა ქუ დონგიუმ, იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და ტყეების მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ, რომის მერმა რობერტო გუალტიერიმ და იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სააბ ხრეისატმა. გახსნის ღონისძიებას დაესწრო ცენტრალური ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების დელეგატი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე.

„FAO-ს გლობალურ გამოფენაზე საქართველოს წარმოდგენა არის შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის აგრობიომრავალფეროვნება და მათთან დაკავშირებული ტრადიციები. ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, ისევე როგორც სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ჩვენი მრავალათასწლოვანი, მდიდარი აგრონომიული მემკვიდრეობის შედეგი და ცოცხალი გენეტიკური რესურსია. მათი კვლევა, დაცვა, შენარჩუნება და ფერმერულ მეურნეობებში გავრცელება, სასურსათო უსაფრთხოების დაცვის გარანტია“, – განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.

ცენტრის საგამოფენო ექსპოზიცია სამ სხვადასხვა ლოკაციაზეა განთავსებული, სადაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, ქართული ლობიოს, სიმინდისა და სხვა კულტურების, ასევე ჯიღაურას ბაზაზე დაცული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშებია წარმოდგენილი.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ქუ დონგიუმ და FAO-ს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა ვიორელ გუტუმ ცენტრის საგამოფენო სივრცეები დაათვალიერეს და ქართული აგრობიომრავალფეროვნების ნიმუშებს გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ FAO-ს გენერალურ დირექტორს ქართული ღვინო და ქართული ტრადიციული პროდუქტის ნიმუში გადასცა.

„თესლიდან საკვებამდე“ გამოფენა ინოვაციების ხელშეწყობას, სასურსათო უსაფრთხოებასა და კვების გაუმჯობესებას ეძღვნება. ღონისძიება 8–12 ოქტომბერს, ისტორიულ Circo Massimo-ზე იმართება. პროგრამა დეგუსტაციებს, კულინარიულ ჩვენებებს, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და სხვადასხვა თემატურ აქტივობას მოიცავს.

გამოფენის ფარგლებში, 10 ოქტომბერს, ცენტრის საგამოფენო სივრცეში ქართული პურისა და ღვინის დეგუსტაციაც გაიმართება, რაც საერთაშორისო ვიზიტორებს ქართული ადგილობრივი სახეობებისა და ჯიშებისგან მიღებული ტრადიციული პროდუქტების გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

Back to top button