
დეტალურად განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომლებსაც ორი ქვეყნის მთავრობები გადადგამენ, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, – ამის შესახებ განცხადება უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის შემდეგ გააკეთა.
კომისიის თანათავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯები განისაზღვრა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
„განვსაზღვრეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება, ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე ავიყვანოთ. ივლისში შედგა უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის ვიზიტი საქართველოში. ამ ვიზიტმა და ორ ლიდერს შორის გამართულმა დისკუსიებმა მყარი საფუძველი ჩაუყარა პარტნიორობასა და ჩვენი სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოებას.
დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ის მოქმედებები, რომლებსაც ორი ქვეყნის მთავრობა განახორციელებს, რათა ჩვენმა სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ეს ერთი. ჩვენ ასევე გავუწევთ პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას ერთობლივ საწარმოებსა და ინვესტიციებს, როგორც უზბეკეთიდან საქართველოში, ისე ქართულ ინვესტიციებს უზბეკეთში. უკვე გამოვყავით კონკრეტული სფეროები და კომპანიები, რომლებიც განახორციელებენ კონკრეტულ პროექტებს“, – განაცხადა უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა. ლაზიზ კუდრატოვმა აღნიშნა, რომ დიდი ინტერესი არსებობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ.
„უზბეკური კომპანიები დებენ ინვესტიციებს ფოთის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ანაკლიის პორტის განვითარებაში. ასევე დაინტერესებულები ვართ, აქ გვქონდეს საწარმოო სიმძლავრეები ტექსტილის, ელექტრონიკის, ელექტროტექნიკისა და კვების პროდუქტების მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ვაწარმოოთ საქართველოში და საქართველოდან განვახორციელოთ ექსპორტი დასავლურ ბაზრებზე.
საქართველო ჩვენთვის ევროპულ ბაზრებზე გასასვლელი ბუნებრივი კარიბჭეა და გვსურს, სრულად გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და არსებული ინფრასტრუქტურა. ჩვენ შევქმენით სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც კონცენტრირებულნი იქნებიან ვაჭრობის, ტრანზიტისა და ტრანსპორტის საკითხებზე. მჯერა, ეს სისტემური მიდგომა უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგების მიღწევის საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნა ლაზიზ კუდრატოვმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას კომისიის მასპინძლობისთვის და უზბეკეთის დელეგაციისადმი გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისთვის.