
,,ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემაში “იმედიLIVE” .
მინისტრის მოადგილემ კორპორაციის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აქედან ორი მესამედი ახალ მიმართულებებს დაეთმობა, სადაც სახელმწიფო აქამდე ნაკლებად აქტიურობდა.
„თუ დღეს ვსაუბრობთ, რომ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა სააგენტომ [აწარმოე საქართველოში], მაგალითად, სასტუმრო სექტორის განვითარებაში, სადაც 500 სასტუმროზე მეტი არის პროგრამის ფინანსური კომპონენტით მხარდაჭერილი, ჩვენ 10 წელზე უფრო ადრე პერიოდში ვისაუბრებთ, რამდენად გაიზარდა, მაგალითად, კაპიტალის ბაზრის წილი ჩვენს საფინანსო სექტორში”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილი თქმით, ფინანსურ სექტორში კაპიტალის ბაზრის წილის გაზრდა პრიორიტეტულია.
„გვაქვს ამოცანა, რომ დაახლოებით 40% გახდეს კაპიტალის ბაზრის წილი მთლიან ფინანსურ სექტორში, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ბევრი მიმართულებით, მათ შორის დასაქმების, ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის და სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულებების”, – აღნიშნა ნადარეიშვილმა.