ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში 12 საერთაშორისო კომპანიის საინვესტიციო ტური მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტო საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედ 12 საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობს. კომპანიების წარმომადგენლები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ეცნობიან და საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ.

მიმდინარე ტურის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. სტუმრები ასევე გაეცნობიან თბილისის იუსტიციის სახლის, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობას.

საინვესტიციო ტურის მიზანია, საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების შესაძლებლობები გააცნოს და ხელი შეუწყოს ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას. საინვესტიციო ტურების მეშვეობით სააგენტო პოტენციურ ინვესტორებს ადგილობრივ ბიზნესთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორთან აკავშირებს, რათა მათ საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები ადგილზე შეაფასონ.

აღსანიშნავია, რომ წინა საინვესტიციო ტურის შედეგია ბრიტანული კომპანია Contactweb-ის საქართველოში შემოსვლა. სააგენტომ კომპანიას ტურის ფარგლებში უმასპინძლა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, სააგენტოს ჩართულობით, Contactweb-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო.

დღეს საქართველოში BPO სექტორში დაახლოებით 25 კომპანია საქმიანობს და 12 000 ადამიანია დასაქმებული. მათ შორისაა საერთაშორისო კომპანიები Teleperformance და Concentrix.

Back to top button