
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის – Shanghai International Port Group-ის (SIPG) ვიცე-პრეზიდენტს ჟენ ჟუეის შეხვდა.
თამარ იოსელიანი შანხაის პორტის ოპერირების თანამედროვე სისტემებს, ტვირთების გადამუშავებისა და მართვის, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური სერვისების ურთიერთკავშირსა და კოორდინაციის პროცესებს გაეცნო.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, შანხაის პორტი მსოფლიოში ყველაზე დატვირთული საკონტეინერო პორტი და საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური ცენტრია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით, ეფექტიანი საოპერაციო სისტემებითა და საპორტო ინფრასტრუქტურის მართვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა.
მისივე თქმით, შანხაის პორტის გამოცდილების გაცნობა მნიშვნელოვანია საქართველოს საპორტო სექტორის განვითარების, საოპერაციო ეფექტიანობის ამაღლებისა და თანამედროვე მართვის პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური დამაკავშირებელი რგოლის, როლის გაძლიერებას.
შეხვედრაში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მონაწილეობდა.