გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 10 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1266 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31  ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1266 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 154 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 880 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 386 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.

2026 წლის 10 თვეში დალუქულია 56 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 303 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 225, კახეთში – 203, იმერეთში – 177, სამცხე-ჯავახეთში – 101, გურიაში – 66, ქვემო ქართლში – 60, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 51, მცხეთა-მთიანეთში  – 38, შიდა ქართლში კი – 35.

7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, 10 თვეში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

Back to top button