
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, ჩეხური კომპანიის LEP Trading s.r.o. აღმასრულებელ დირექტორს, ელენა კაზდას და ილია მართლის ფონდის დირექტორს, სოფიო სტურუას შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს, კომპანიასა და ფონდს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც საქართველოს ტყეების აღდგენისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და ფონდის დირექტორმა მოაწერეს.
„საქართველოს ტყეების აღდგენა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. ხელმოწერილი მემორანდუმი საფუძველს ქმნის, გავაერთიანოთ შესაძლებლობები. ჩვენი მიზანია, ეს თანამშრომლობა კონკრეტულ, შედეგზე ორიენტირებულ პროექტებში აისახოს და ხელი შეუწყოს საქართველოს ტყეების აღდგენას, ეკოსისტემების მდგრადობასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გამოწვევების შემცირებას“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
გიორგი წკრიალაშვილმა ყურადღება ტყის აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, ტყის ეკოსისტემების თავისებურებებისა და გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ტყის აღდგენას, განსაკუთრებული ადგილი უკავია ტყის რესურსების მდგრადი მართვის პროცესში. მნიშვნელოვანია, აღდგენის ღონისძიებები ეფუძნებოდეს ეკოლოგიურ პრინციპებს, კონკრეტული ტერიტორიების საჭიროებებსა და გრძელვადიან ხედვას. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ტყის ეკოსისტემების გაუმჯობესებას, მათი ეკოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებასა და გაძლიერებას. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერით, თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები იქმნება“, – განაცხადა გიორგი წკრიალაშვილმა.
ელენა კაზდამ და სოფიო სტურუამ საქართველოს ტყეების აღდგენის პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება ქმნის შესაძლებლობას, მხარეებმა გააერთიანონ გამოცდილება, რესურსები და ხელი შეუწყონ გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელებას, დასახული მიზნების მიღწევას.
შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ასევე ილია მართლის ფონდის გამგეობის წევრები გიორგი ბერიძე, ბესარიონ მარგიანი და ჯაბა თევდორაძე ესწრებოდნენ.