
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში „Merano Wine Festival 2026” მონაწილეობდა.
ფესტივალი, რომელსაც 35-წლიანი ისტორია აქვს, ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო ღონისძიებაა ღვინის ინდუსტრიაში. იგი ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლებს, დარგის ექსპერტებს, ჰორეკა სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს.
წელს ფესტივალში 23 ქვეყნის 1000-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. ქართული კომპანიების წარდგენა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული ღვინის მრავალფეროვნების, ხარისხისა და უნიკალური მეღვინეობის ტრადიციების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გასაცნობად, ასევე ახალი საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად და საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად.
საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, 8000-წლიანი უწყვეტი მეღვინეობის კულტურით, საერთაშორისო ღონისძიებებზე აქტიურად წარმოაჩენს საკუთარ ადგილს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ქალაქ მერანოს ისტორიულ ცენტრში დაიდგა, რაც ქართული ღვინის კულტურის საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა.