
მშენებლობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი. ამასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა ვთქვა – პოლიტიკური ოპონენტები არსებითად ცდილობენ, მშენებლობა წარმოაჩინონ, როგორც რეგრესული მოვლენა, როდესაც თავის დროზე ამას ერქვა აღმშენებლობა. რა თქმა უნდა, მშენებლობა იმ მასშტაბით, როგორც ეს დღეს ხორციელდება, ნამდვილად ნიშნავს აღმშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრით სარგებლობენ მოქალაქეები და ეს ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას.
„მოგეხსენებათ, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში არის მოძველებული საბინაო ფონდი და სწორედ ამ აღმშენებლობის შედეგად ხერხდება მოძველებული საბინაო ფონდის ჩანაცვლება, ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ ბინებს, იუმჯობესებენ საცხოვრებელ პირობებს. ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოში ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში და დღეს გვაქვს ასეთი ვითარება, რაც არის, ბუნებრივია, ეკონომიკური განვითარების შედეგი,”- განაცხადა პრემიერმა.