
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციების პერიოდში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების : მიხეილ სააკაშვილისა და თინათინ ბოკუჩავას საჯარო განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი აქციის მონაწილეებს ღიად უჭერდნენ მხარს.
გორდულაძის განცხადებით, 2024 წლის 25 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათით ამაყობს, ხოლო 1 მაისს სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობისკენ მოუწოდა. გორდულაძის თქმით, მხარდაჭერას აფიქსირებდა პარტიის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავაც, რომელმაც 26 ივლისს განაცხადა, რომ თითოეული მათგანი მზად არის თავდებში დაუდგეს ახალგაზრდებს, რადგან მათი დასჯის ერთადერთი მიზეზი დაშინებაა.
„ 2024 წლის 25 აპრილი, მიხეილ სააკაშვილმა ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად ახალგაზრდებს მიმართა და საჯაროდ განაცხადა: „მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით, თქვენ ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები ხართ.“ 2024 წლის 1 მაისი : „სკვერში, მიწაზე დაყრილი სპეცრაზმელები ძალიან ნიშანდობლივი სურათი იყო. რუსეთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან მოსკოვს ორ ფრონტზე ომის თავი არ აქვს. ძალადობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობა. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს.“
2024 წლის 26 ივლისს, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, საჯაროდ განაცხადა: „თითოეული ჩვენთაგანი მზად არის თავდებში დაუდგეთ ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთ მეგობრებთან, თავიანთ თანატოლებთან ერთად იბრძოდნენ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი ისჯებიან არის ახალგაზრდების გაჩუმება, გაჩერება და დაშინება.“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.