ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა პოლონეთ-საქართველოს ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა პოლონეთ-საქართველოს ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის სტრატეგიულ როლზე და აღნიშნა, რომ ის, რაც თავიდან ძირითადად აზიასა და ევროპას შორის ალტერნატიულ მარშრუტად განიხილებოდა, დღეს უკვე სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნად ყალიბდება და საქართველო, როგორც ამ მარშრუტის საკვანძო ქვეყანა, თვალს ადევნებს ამ მზარდ დინამიკას.

თამარ იოსელიანის თქმით, 2021-2025 წლებში შუა დერეფნის გავლით კონტეინერების გადაზიდვა წლიურად საშუალოდ 22%-ით იზრდებოდა, ხოლო 2025 წელს ზრდამ 37% შეადგინა. თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის კვლევაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საჭირო ინვესტიციებისა და რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, 2040 წლისთვის დერეფანში ტვირთბრუნვა შესაძლოა 4-ჯერ გაიზარდოს, ხოლო ტრანსპორტირების დრო 2/3-ით შემცირდეს.

თამარ იოსელიანის თქმით, მზარდი მოთხოვნა დარგის უახლეს შედეგებზე უკვე აისახა – 2026 წლის პირველი 10 თვის მაჩვენებლებით, საქართველოს სატრანსპორტო სექტორმა ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. კერძოდ, პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა 24%-ით გაიზარდა და 17.1 მილიონ ტონას მიაღწია, სარკინიგზო ტვირთბრუნვამ კი 13%-იანი მატებით 12.4 მილიონი ტონა შეადგინა. ამავე პერიოდში საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები 13.3 მილიონი ტონით განისაზღვრა, ხოლო საჰაერო ტვირთების მოცულობა 28%-ით გაიზარდა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს შედეგები ცხადყოფს მზარდ მოთხოვნას საქართველოს გავლით სატრანსპორტო მომსახურებაზე და ხაზს უსვამს დარგის ინფრასტრუქტურასა და საოპერაციო ეფექტიანობაში უწყვეტი ინვესტირების მნიშვნელობას. მისივე განმარტებით, ტრანსპორტის განვითარების ათწლიანი გეგმა მკაფიო მიზნებს ისახავს: სარკინიგზო და საზღვაო მიმართულებების გამტარუნარიანობის გაორმაგებას, აეროპორტების სიმძლავრეების გასამმაგებასა და ტრანსპორტის ყველა სახეობაში ინფრასტრუქტურისა და სერვისების მოდერნიზაციას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს მთავრობის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ამბიციურ გეგმას ახორციელებს, რომელიც სარკინიგზო და საპორტო სიმძლავრეების გაორმაგებას ისახავს მიზნად, ხოლო 2032 წლამდე მთავრობა მსხვილ სატრანსპორტო პროექტებში დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, მათ შორის ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

თამარ იოსელიანის განცხადებით, 2026 წლის ივნისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სრული დატვირთვით ამოქმედდა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა რეგიონული დაკავშირებადობა და დამატებითი შესაძლებლობები შექმნა სატვირთო გადაზიდვებისთვის.

შუა დერეფნის კონტექსტში თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც. მისი თქმით, პორტი ექსპლუატაციაში 2029 წლისთვის შევა და პირველი ფაზის ფარგლებში წელიწადში 600 000 კონტეინერისა და 10 მილიონი ტონა მშრალი ტვირთის გადამუშავებას უზრუნველყოფს.

Back to top button