„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა

„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის მე-13 ფორუმის მხარდამჭერია – კომპანია ღონისძიების ოქროს სპონსორი გახდა. ორწლიანი პაუზის შემდეგ ფორუმი სწორედ კერძო სექტორის მხარდაჭერით განახლდა. ღონისძიება სოციალურ საწარმოთა ალიანსმა (SEA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) გამართეს. ფორუმის ფარგლებში გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, „წლის სოციალური საწარმოს“ ტიტული „მეგობარს“ მიენიჭა. ზუგდიდში მოქმედი სოციალური საწარმო ახალგაზრდების გაძლიერებას, მათთვის საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნასა და დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „სოციალური მეწარმეები უკვე მრავალი წელია, „თეგეტას“ პარტნიორები არიან. მათთან ჩვენი თანამშრომლობა სამ მიმართულებას მოიცავს – პასუხისმგებლობიან შესყიდვებს, ერთობლივ პროექტებსა და ჩვენი თანამშრომლების პრო ბონო ექსპერტიზას.  საზოგადოების მხარდაჭერა ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ნაწილია, სოციალურ მეწარმეებთან პარტნიორობით კი ამას მდგრადად და გრძელვადიანად ვაკეთებთ. ეს ორგანიზაციები ასაქმებენ ქალებს, ზრუნავენ სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებზე და საკუთარი საქმიანობით არაერთ საზოგადოებრივ პრობლემას აგვარებენ.

ფორუმი მთლიან ეკოსისტემას ერთ სივრცეში აერთიანებს. აქ განიხილება სოციალური მეწარმეების საჭიროებები, გამოწვევები და თანამშრომლობის გაგრძელების გზები. მოხარულები ვართ, რომ ფორუმი ამჯერად უშუალოდ ბიზნესსექტორის მხარდაჭერით დაორგანიზდა. იმედი გვაქვს, ეს პრაქტიკა სამომავლოდაც გაგრძელდება და სოციალური მეწარმეებისთვის განვითარების ახალ ეტაპს დაიწყებს“.

სოციალური საწარმო კლასიკური ბიზნესი არ არის – ის ეკონომიკურ მიზანს სოციალურ მისიასთან აერთიანებს. ამიტომ ასეთ ორგანიზაციებს მეტი დრო და რესურსი სჭირდებათ შედეგების მისაღწევად. ამ პროცესში კი მსხვილი კომპანიების მხარდაჭერა მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „თეგეტა“ სოციალურ მეწარმეებთან იმ მიმართულებებით თანამშრომლობს, რომლებსაც კომპანიის CSR სტრატეგია ეფუძნება, მათ შორისაა ქალთა გაძლიერება, სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერა და გარემოს დაცვა.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება. მისი მიზანია სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და სექტორისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის ჩამოყალიბება. წელს მონაწილეებმა სექტორის განვითარების 15-წლიანი გზა შეაფასეს, სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს და სოციალურ საწარმოთა ალიანსის დაარსების 10 წლის იუბილე აღნიშნეს.

სალომე კუსიანი, „სოციალურ მეწარმეთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი: „სოციალური მეწარმეობის ფორუმი ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. გვახარებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლებელი გახდა ადგილობრივი ბიზნესებისა და 5 სოციალური საწარმოს მხარდაჭერით. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ სოციალური მეწარმეობის სექტორთან „თეგეტას“ თანამშრომლობა უკვე წლებს ითვლის. ეს იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ჩვენი მიზნები და ღირებულებები თანხვედრაშია – ვცხოვრობდეთ უკეთეს გარემოში, სადაც ადამიანი ღირებულებათა ცენტრში დგას. წელს, 19 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღის აღსანიშნად დაგეგმილ კამპანიას – „არაჩვეულებრივი ბიზნესი (Business Unusual)“ – შევუერთდით. კამპანიაში ჩართულობით წლის სოციალური საწარმოს ნომინაციაზე წარდგენილი სოციალური საწარმოები – „ბებიას“, „მეგობარი“ და „პოტერია“ – გავაცანით საერთაშორისო აუდიტორიას და მოვუყევით მათზე: როგორ ქმნიან არაჩვეულებრივ ბიზნესს და ვინ არიან ადამიანები, ვინც მათი მომსახურების/პროდუქტის მიღმა დგანან. წლევანდელი სოციალური მეწარმეობის ფორუმის ორგანიზებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რა მნიშვნელობის მატარებელია იგი სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებისთვის საქართველოში. გამოვთქვამთ იმედს, რომ სოციალურ საწარმოთა ალიანსი,  პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შეინარჩუნებს ტრადიციას, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს ერთ სივრცეში ვიყრიდეთ თავს და აღვნიშნავდეთ მიღწეულ შედეგებს“.  

ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესისა და სოციალური საწარმოების პარტნიორობა საგრძნობლად გაღრმავდა. სოციალური მეწარმეები კომპანიებს სულ უფრო ხშირად სთავაზობენ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებსა და პროდუქტებს. ბიზნესი კი მათში სანდო პარტნიორს ხედავს.

ფორუმის კულმინაცია წლის სოციალური საწარმოს გამოვლენა იყო. 5-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით, სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებზე დაყრდნობით, ფინალში სამი საწარმო გავიდა:

  • „ბებიას“ – ნატურალური მასალისგან ნაქსოვი ნივთების საწარმო. ნივთებს ბებიები ქსოვენ და საყვარელი საქმით შემოსავალს გამოიმუშავებენ.
  • „მეგობარი“ – საერთო სამუშაო სივრცე და კაფე-ბარი ზუგდიდში. მისი შემოსავლით ადგილობრივი ახალგაზრდების იდეები ფინანსდება.
  • „პოტერია“ – თიხისა და კერამიკის სახელოსნო. ის სხვადასხვა საჭიროების მქონე ქალებს ახალ პროფესიას ასწავლის და ასაქმებს.

„თეგეტასთვის“ სოციალურ მეწარმეებთან პარტნიორობა ერთჯერადი ინიციატივა არ არის. კომპანია ამ პროცესს საზოგადოებაზე ზრუნვის მდგრად და გრძელვადიან გზად მიიჩნევს. ამიტომ კომპანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერას სამომავლოდაც გააგრძელებს, რომლის ფარგლებშიც, ერთობლივ პროექტებს განახორციელებს, პასუხისმგებლობიან შესყიდვებს გააფართოებს და სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.

—

საზოგადოების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამ მიმართულებით კომპანია სოციალურ საწარმოებთან გრძელვადიან პარტნიორობას ავითარებს. სოციალურ საწარმო „პოტერიასთან“ თანამშრომლობით „თეგეტამ“ საწარმოსგან 70 000 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია შეიძინა, რითაც ხელი შეუწყო ძალადობაგამოვლილი და კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალების დასაქმებას. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს „თეგეტა“ თანამშრომლებისთვის „ბაბალეს“ პროდუქციის საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვას ყოველწლიურად მასპინძლობს. შედეგად, წლების განმავლობაში 300-ზე მეტი თეგეტელის ჩართულობით 15000 ლარამდე შეგროვდა. „თეგეტასა“ და „ბაბალეს“ ერთობლივი პროექტით კი დაუნის სინდრომის მქონე ორი წლის ბავშვს ოპერაცია დაუფინანსდა. სოციალური მეწარმეების პროფესიულ განვითარებაში „თეგეტას“ თანამშრომლებიც მონაწილეობენ. თეგეტელებმა 150-ზე მეტი საათი დაუთმეს პრო ბონო კონსულტაციებს და თავიანთი ექსპერტიზა 60-მდე სოციალურ მეწარმესა და 15 ორგანიზაციას გაუზიარეს.

Back to top button