
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, შეხვედრა გამართა სამსახურის სტრუქტურული ერთეულების სტაჟიორებთან.
აღსანიშნავია, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს მთავრობის მიერ არის დამტკიცებული და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში პირველად ხორციელდება. მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებისა და სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის გაცნობის შესაძლებლობის შექმნა.
შეხვედრაზე სტაჟირების პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. ახალგაზრდებმა ისაუბრეს სამუშაო პროცესში ჩართულობის, მიღებული გამოცდილებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ.
სტაჟიორებმა კობა კობალაძეს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს, შეაფასეს პროგრამა, ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად პასუხობს ის მათ მოლოდინებს და რა გეგმები და მოლოდინები აქვთ სტაჟირების დასრულების შემდეგ.
კობა კობალაძემ ახალგაზრდებს აქტიური ჩართულობისა და გულწრფელი უკუკავშირისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის, მათი პოტენციალის გამოვლენისა და პრაქტიკული გამოცდილებით გაძლიერების მნიშვნელობას.