კონკურსის „შენი იდეა ტყისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საგანმანათლებლო კონკურსის „შენი იდეა ტყისთვის“ გამარჯვებულები გამოავლინა.

კონკურსი დასავლეთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის გაიმართა და მიზნად ისახავდა ტყის დაცვასა და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათი შემოქმედებითი და ინოვაციური იდეების წახალისებას.

შემოსული განაცხადებიდან შეირჩა 10 საუკეთესო იდეა, რომელთა ავტორები კურატორ მასწავლებლებთან ერთად 18-21 ნოემბერს ბათუმში სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები დაესწრნენ ლექცია-სემინარებს ტყის მდგრადი მართვისა და ალტერნატიული საწვავის შესახებ, მოინახულეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ესტუმრნენ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სადაც სააგენტოს საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.

დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე წარადგინეს. ჟიურიმ წარმოდგენილი ნამუშევრებიდან სამი საუკეთესო პროექტი გამოავლინა. კონკურსის ათივე ფინალისტს სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ.

პროექტი „ECO.Georgia“ კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF), ასევე საქართველოს, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. ცნობიერების ამაღლების კომპონენტს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.

Back to top button