
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ, მთელ რიგ ახალ მიმართულებებთან ერთად, დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი – რეგიონული ბიზნესფორუმების სერია, „ბიზნესის დღე”, რომელიც პირველად ქალაქ ზუგდიდში იმართება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც მიმდინარე ღონისძიებაში მონაწილეობს.
ბიზნესფორუმი ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში იმართება.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „ბიზნესის დღის” ფარგლებში ადგილობრივი მეწარმეებისთვის მრავალფეროვანი პროგრამაა დაგეგმილი, მათ შორის, პრეზენტაციები, სამუშაო შეხვედრები, პანელური დისკუსიები და სხვა.
„მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ მეწარმეებს ძალიან მრავალფეროვანი შესაძლებლობა ექნებათ, რომ ერთი მხრივ, გაეცნონ ყველა იმ პროგრამას, ყველა იმ მხარდაჭერის და ხელშეწყობის მექანიზმს, რომელსაც ეკონომიკის განვითარების კორპორაცია და ზოგადად, სახელმწიფო აწვდის ბიზნესსექტორს. ასევე იქნება პანელური დისკუსიები, სადაც მოხდება გამოცდილების გაზიარება, წარმატებულ მეწარმეებთან შეხვედრა და ბევრი საინტერესო ღონისძიება”, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პროექტი უკვე 2027 წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს და რეგულარული პლატფორმა გახდება, სადაც ადგილობრივ კერძო სექტორს ერთმანეთთან ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება ექნება.
„ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსთვის, ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ეს იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შეხვდეს ბიზნესს, მოისმინოს მათი საჭიროებები და შესაბამისად, დაგეგმოს ის ფინანსური თუ არაფინანსური და სხვა ტიპის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის”, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.