ირაკლი შატაკიშვილი: ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, რომ დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მშვიდობის დაცვის პოლიტიკის მნიშვნელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

როგორც შატაკიშვილმა აღნიშნა, ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ნაყოფიერია, რათა პარტნიორებმა ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში არსებულ ვითარებაზე ობიექტური წარმოდგენა ჰქონდეთ.

„როგორც მოგეხსენებათ, ვიმყოფებით დანიის სამეფოში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან დანიის პარლამენტიდან და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდით. მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებულად კი, რა თქმა უნდა, შევეხეთ საქართველოს მიერ მშვიდობის დაცვის პოლიტიკის მნიშვნელობას და ასევე ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზრდას. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს როლს დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის პროცესში. დაინტერესება იყო ძალიან დიდი.

კოლეგებს მივაწოდეთ ჩვენ ასევე ინფორმაცია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ რიგ შემთხვევებში უსამართლო დამოკიდებულებების შესახებ და ასეთი ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ჩვენს კოლეგებთან არის ყოველთვის ნაყოფიერი იმისათვის, რათა მათ მიიღონ ინფორმაცია პირველწყაროსგან და მომავალში ჰქონდეთ მათ ობიექტური ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. ვიყენებდით, გამოვიყენებთ და მომავალშიც აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას და შესაძლებლობას იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს მნიშვნელობის შესახებ და საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ“,- განაცხადა შატაკიშვილმა.

Back to top button