„ხაზს ვუსვამ როგორც პირადად, ისე ვაფიქსირებ მთავრობის პოზიციას – ყველა ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებაში საქართველო მობილიზებულია, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დავეხმაროთ. სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ უკრაინიდან ლტოლვილები იქნებიან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ”, – აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ამ საკითხზე მან დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ვიცე-პრემიერის თქმით, როგორი სირთულეებიც არ უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ქვეყნის შიგნით საკუთარი დევნილი მოსახლეობა, საქართველო მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უკრაინიდან ლტოლვილები შეიფაროს.
„ჩვენ ამ შემთხვევაში გვესმის, რა არის სოლიდარულობის ფასი. ღიად ვამბობ – რა თქმა უნდა, საქართველო მზად არის, ასეთ შემთხვევაში, უკრაინიდან ლტოლვილები მიიღოს”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.