დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების სახელმწიფო მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი და ის მყიფე გეოპოლიტიკური გარემო, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.

დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული და თანმიმდევრული პოზიციის მნიშვნელობას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ.

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა. ჯეიმს კლევერლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მკაფიოდ იაზრებს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და მზარდი საფრთხეების ფონზე, ქვეყანა მარტო არ არის. ბრიტანულმა მხარემ ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქათველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლზე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

მინისტრებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, რაც რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში ინტერვენციის შედეგია. მხარეებმა აღნიშნეს, რომ კრემლის აგრესიული ქმედებები უკრაინასთან მიმართებაში არის სწორედ 2008 წლის ომის გამოძახილი და რუსეთის მიერ გავლენის სფეროებისთვის ბრძოლის მორიგი მანიფესტაცია.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

Back to top button