გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს შეხვდა.
ოთარ შამუგიამ ელჩს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა შეხვედრაზე აგრარული დარგის ხელშეწყობის და გარემოსდაცვითი მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა მელიორაციის და მიწის მდგრადი მართვის საკითხებზე. ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ის მიწის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებს კიდევ უფრო მოქნილს გახდის.
შეხვედრაზე მხარეებმა ფერმერთა პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება უცხოელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება, რათა წარმოებულმა პროდუქტმა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნები.
დიეგო კოლასმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს. ელჩის განცხადებით, ქართულ ღვინო განსაკუთრებულია და საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის ზრდის რეალური პოტენციალი არსებობს.
შეხვედრის დასასრულს, დიეგო კოლასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო საფრანგეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.