საქართველოს მთავრობის ძალისხმევით უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესი ეტაპობრივად გრძელდება.
13 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში სახმელეთო გზით დაბრუნდა რუმინეთში მყოფი 40-მდე საქართველოს მოქალაქე. დღეს რუმინეთიდან დამატებით ასევე მოხდება საქართველოს 50 მოქალაქის ორგანზიებული გამომგზავრება, მიმდინარე კვირას ასევე დაგეგმილია მოქალაქეთა ორგანიზებული გამომგზავრება პოლონეთიდან, საიდანაც სახელმწიფოს დახმარებით საერთო ჯამში 150-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში.
ასევე გრძელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ქ.ლვოვიდან ქ. ვარშავას მიმართულებით ავტობუსის დამატებითი რეისები შესრულდება 15 და 16 მარტს, ამ დროისთვის საერთო ჯამში ქ.ლვოვიდან- ქ. ვარშავის მიმართულებით სახელმწიფოს ძალისხმევით საქართველოს 500-მდე მოქალქე იქნა გამოყვანილი. მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა ხდება ქ. ოდესიდან, საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ.
უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელწმიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ხდება მათი გამომგზავრება საქართველოში.
საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ქ. ოდესაში და საკონსულო პუნქტი ქ. ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ასევე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში – რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.
ისინი ახორციელებენ მოქალაქეთა გადაყვანას უკრაინიდან მოსაზღვრე ქვეყნებში და შემდგომ მათ საქართველოში გამომგზავრებას. ამ დროისთვის, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, საქართველოში ორგანიზებულად სახელწმიფოს დახმარებით დაბრუნდა 1600-მდე მოქალაქე.