ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში პოლონელ კოლეგას, მათეუშ მორავიეცკის უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში პოლონელ კოლეგას, მათეუშ მორავიეცკის შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ წარდგენილი განაცხადები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ისაუბრა ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელსაც ქართული მხარე უკრაინელ ხალხს უწევს. პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის როლი ვითარების დეესკალაციისთვის და იმსჯელეს იმ ზომებზე, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის მიმართავს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ასევე აღინიშნა ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებას და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის პოლონეთის მხარდაჭერას. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და საქართველო აცნობიერებს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, თუმცა მოტივირებულია, განაგრძოს წინსვლა და კომპლექსური რეფორმების წარმატებით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ხაზი გაესვა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ძლიერ პარტნიორობას, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს. 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელი სრულდება. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა, სტრატეგიული პარტნიორობისა და სხვადასხვა სფეროში მაღალი დონის დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც პოლონეთის მხრიდან მონაწილეობდნენ: სახელმწიფო მდივანი მინისტრის რანგში, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან მიხალ დვორჩიკი, სახელმწიფო მდივანი მინისტრის რანგში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან იან ჯიეჯიჩაკი, სახელმწიფო მდივანი, პოლიტიკური კაბინეტის თავმჯდომარე კშიშტოფ კუბუვი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე მარიუშ პშიდაჩი, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი მრეკ კოროვაიჩიკი და პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

Back to top button