„ნეიტრალიტეტის საკითხს რაც შეეხება, კარგად ვიცით, საიდან დაიწყო – 17 მარტს, სასამართლო სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილმა, პირველმა თქვა საკითხის შესახებ და ამის შემდეგ გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან სოციალურ მედიაში, თითქოს ეს არის თემა, არადა, საკითხი საერთოდ არ დგას”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს.
ბიუროს სხდომაზე, შალვა პაპუაშვილმა კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„როდესაც თქვენ საუბრობთ ერთობლივ ინიციატივებზე, სწორედ ეს არის პრობლემა, სამწუხაროდ. ჩვენი კოლეგების ნაწილი ჩართულია ჰიბრიდულ ომში იმ კუთხით, რომ დეზინფორმაციას პირდაპირ თავად ავრცელებენ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. ახლა, სამწუხაროდ, იმ ერთობის მომენტი არ არის და ვერ გამოდის, ამიტომ, კონსოლიდაცია უფრო სწორი ტერმინი იქნებოდა, სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა, იმისთვის, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს, ევროინტეგრაციის გზაზე მყარად ვიყოთ და მიზანს მივაღწიოთ”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.