საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრ ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის განსაკუთრებული მნიშვნელობა საომარი მოქმედებების მალე დასრულებისთვის.