საქართველოს მთავრობას უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაში მონაწილეობა რომ მიეღო, ქვეყნის მთავრობა ძალიან ადვილად აღმოჩნდებოდა კონფლიქტის მხარე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, სახელმწიფო ცდილობს იყოს ფრთხილი, მაგრამ ამავე დროს, იყოს მტკიცე.
„ჩვენ ვთქვით, რომ ვერ ჩავერთვებით და არ ჩავერთვებით სამხედრო კონფლიქტში. ამ კუთხით, ჩვენი პოზიცია სრულად ემთხვევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას. საქმე იმაშია, ჩვენმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება მიგვიყვანოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვამდე. თქვენ გახსოვთ, ჩარტერის საკითხი – საქართველოს მხრიდან მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნის, რომელზეც საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა. ამის შემდეგ ვნახეთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ინგლისის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლებმაც პირდაპირ ხაზგასმით, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ მოხალისეებად არ წავიდნენ უკრაინაში და სრული დისტანცირება გააკეთეს მოხალისეების მოძრაობასთან. გახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ამის ინიციატორი, აეროპორტში შეიკრიბნენ კიდეც მოხალისეები, მაშინაც გარკვეული წრეების მხრიდან ერთ-ერთი მიზეზი მთავრობის კრიტიკისა ესეც გახლდათ, მათ შორის, საპროტესტო აქციების დროსაც ეს თემაც იყო.
საქართველოს მთავრობას მაშინ მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაში რომ მიეღო მონაწილეობა, საქართველოს მთავრობა ძალიან ადვილად აღმოჩნდებოდა კონფლიქტის მხარე, ვინაიდან ამ შემთხვევაში რუსეთს თავისუფლად შეეძლო ეთქვა, თუკი, სახელმწიფო აორგანიზებს მებრძოლებს და მოხალისეებს ბრძოლის ველზე, ის სახელმწიფო ჩართულია ომში. ამიტომ, სახელმწიფო ცდილობს იყოს ფრთხილი, ამავე დროს, მტკიცე. სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ არ ჩაერევა, სამხედრო ტექნიკის კუთხით ჩვენ დიდი დახმარების გაწევა ალბათ, არც შეგვიძლია, მაგრამ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, სამხედრო დახმარება ჩვენი მხრიდან რატომაც ვერ იქნება გაწეული, ვინაიდან ესეც შეიძლება იყოს ჩათვლილი, როგორც ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. თქვენი აზრით, რამეში არ ვემთხვევით საქართველოს მოსახლეობას? რამე სხვას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა? ეს აჩვენა სწორედ იმ კვლევამ და ამიტომც არის ის კვლევა სანდო.
ერთის მხრივ, ადამიანურად ჩვენ მოსახლეობას შესაძლოა, ჰქონოდა თანადგომის სურვილი, მათ შორის, მოხალისეები წასულიყვნენ, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თავისი პასუხისმგებლობები და შეიძლება ეს თავდაპირველად არ იყო იმდენად გასაგები, თუ რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ მოხალისეების ორგანიზებულ გაშვებაზე, შეიძლება ეს ადამიანური ემოციის კუთხით გაუგებარი იყო და პროტესტის გრძნობა ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ვხვედავთ, კვლევებიც ამას აჩვენებს და ალბათ, თქვენც მეთანხმებით, რომ სწორი ქნა მაშინ მთავრობამ და საბოლოო ჯამში, ჩვენი მოსახლეობაც ამ საკითხში დაგვეთანხმა. მათ, შორის, ოპოზიციაც გვეთანხმება ახლა უკვე. მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ წარმომადგენელთან მქონია საუბარი, ისინიც ადასტურებენ, რა თქმა უნდა, არ უნდა დაეორგანიზებინა სახელმწიფოს მოხალისეების გაშვება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.