2 აპრილის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
ბრიფინგის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მიმდინარე წლის 2 აპრილს,საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს. ბათუმის საკრებულოსმაჟორიტარს კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს.
შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 3 უბანი და 1ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგები და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – 139989-ს შეადგენს,საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 2 საარჩევნო სუბიექტი.საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ.
არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590 დამკვირვებელი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი.
პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე, ასევე საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალი გადათვლის მიზნით წინასწარ შერჩეულია გადათვლის ცენტრებირუსთავსა და გარდაბანში.
ყველა საარჩევნო უბანზე დაცული იქნება პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციები, საარჩევნო უბნები აღჭურვილია სანიტარიულ-ჰიგიენურისაშუალებებით და უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო. ამასთან, ხვალ დილიდან ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში განხორციელდება „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფიტესტით შემოწმება.
აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლებისთვის ნათარგმნია საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი, ამომრჩეველთა ერთიანი სია, (სამაგიდო და კედელზე გასაკრავი) და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი.
საარჩევნო უბნები რუსთავსა და გარდაბანში 07:00 საათზე, ბათუმში კი 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
07:00 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.
ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
2 აპრილს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
ამასთან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.
ასევე მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებისმაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში, როგორც ბათუმში, სადაც შუალედური არჩევნები საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ისე გარდაბანსა და რუსთავში” – აცხადებენ ცესკოში.