ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე მესამე მოსმენით იმსჯელა.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, კანონპროექტში გათვალისწინებული და ასახულია მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმული რიგი შენიშვნები.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმოდგენილ კანონპროექტში კიდევ უფრო მეტად არის პატიმრების სასარგებლოდ ვექტორი გადაწეული” -განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პრეამბულაში დეპუტატ შალვა შავგულიძის შენიშვნის შესაბამისად დაზუსტებულია, რომ ამნისტიის აქტის პროექტი ეხება 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებს. მისი თქმით, ასევე, სამართალდამცავ ორგანოებთან კონსულტაციის შედეგად მიღწეულა შეთანხმება პირველ მუხლთან დაკავშირებით.
„კოვიდისთვის სამ ვარიანტად შემოთავაზებული შეღავათი გაზრდილია და, შესაბამისად, ეს არის 45 დღე, 75 დღე და 105 დღე”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რაც შეეხება კანონპროექტის ამოქმედების თარიღს, კანონპროექტში მიმდინარე წლის 2 მაისია მითითებული. როგორც ინიციატორმა განმარტა, კონკრეტული თარიღის მითითება აუცილებელია კანონპროექტის აღსრულებისთვის.
„როდესაც პენიტენციური სამსახური დაიწყებს მსჯავრდებულთა საქმეებზე მუშაობას, უნდა იცოდეს, რომელ კონკრეტულ დღეს გაათავისუფლოს პირი”,- აღნიშნა მომხსენებელმა.
კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.