გიორგი ამილახვარი: პროვოკაციებს ველოდებით ომის პარტიისგან, ეს მოლოდინი ეფუძნება ერთადერთს, დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დონეზე ყველაფერს აკეთებს

პროვოკაციებს ველოდებით ომის პარტიისგან, პასუხი ნათელი და ცალსახაა, დავიმახსოვროთ მამუკა მდინარაძის და ჩვენი სხვა წარმომადგენლების განცხადებები, ეს მოლოდინი ეფუძნება ერთადერთს – დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დონეებზე ყველაფერს აკეთებს – ასე უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა შეკითხვას – ვისგან და რა სახის პროვოკაციას ელოდება საქართველოს ხელისუფლება.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, საქართველოს ომში ჩართვა არ გამოდის, რადგან ხელისუფლება მოქმედებს ადეკვატურად და სწორად და ამიტომ გადავიდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ ჰიბრიდული ომის ბინძურ ნაწილზე.

,,ნახეს, რომ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა არ გამოდის, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სწორად და ადეკვატურად და გადავიდნენ პროვოკაციებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ეს ჰიბრიდული ომის უბინძურესი ნაწილი – პროპაგანდისტული ჩირქის მოცხობა გაიტანეს ქვეყნის გარეთ და ცეცხლი გაგვიხსნეს უკრაინიდან. რატომ? იმიტომ, რომ სამწუხაროდ დღეს, უკრაინის ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, სხვათა შორის, არც თუ ისე დაბალ თანამდებობებზე. რამოდენიმე მათგანი ბრალდებულია საქართველოს პროკურატურის მიერ. მოგონილი ბრალდებების სერია იქნება, როგორც უკრაინიდან, ისე საქართველოდან – ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ უკრაინის ხელისუფლება მათ მიერ შეცდომაში შეყვანილია. მე, თავს უხერხულად ვგრძნობ, როცა უკრაინის ხელისუფლებაზე ამდენს ვსაუბრობ, მაშინ როდესაც იქ ომია გაჩაღებული. მაგრამ ჩვენ ამ ბრალდებას ვერ გავატარებთ, მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენ მათ სრულ მხარდაჭერაც ვუცხადებთ,’’ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

Back to top button