ვიმედოვნებთ, ოპოზიცია შეძლებს შეთანხმებას ერთმანეთში, რომ კარგი იქნება, თუ სამი ადამიანი ოპოზიციიდან ჩაერთვება ამ დელეგაციაში, ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, აქცენტების გადატანა მეორეხარისხოვან თემებზე ხდება, რაც კარგი არ არის.
„ეს საკითხი ღიაა და სივრცე არის დარჩენილი, რათა გადაწყვეტილება მიიღოს ოპოზიციამ, შეძლონ, რომ სამი ადამიანი, რომელიც თავმჯდომარესთან ერთად იქნება დელეგაციის წევრი, წავიდეს უმრავლესობის წევრებთან ერთად და ამით დააფიქსირონ თავისი სოლიდარობა, აჩვენონ, ეს არ არის პიარი და რეალურად სურთ, სოლიდარობის გამოხატვა. ვიმედოვნებთ, ოპოზიცია შეძლებს შეთანხმებას ერთმანეთში, რომ კარგი იქნება თუ სამი ადამიანი ოპოზიციიდან ჩაერთვება ამ დელეგაციაში, ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა. მაშინ, რატომ არა ოთხი, ორი, ან ერთი? – ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა. წასვლა უნდა ყველას. შეიძლება, ადამიანი ვერ მოძებნოთ, ვისაც უკრაინაში სოლიდარობის გამოსახატად წასვლა არ უნდოდეს.
ვიხელმძღვანელეთ კრიტერიუმით – ავარჩიეთ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – არჩილ თაკალვაძე, წარმოშობით უკრაინელი დავით სერგეენკო და დიასპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ისედაც მჭიდროდ არის ჩართული ყოველდღიურად დიასპორის წარმომადგენლების მოკითხვაში, უკრაინის თემებში და ამის იქით გავჩერდით, თორე, წასვლა ყველას გვინდოდა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია თუ ბავშვური არგუმენტის გამო – მეც მინდა, მეც მინდათი გააფუჭებენ ამ თემას, ეს იქნება მხოლოდ დამაზიანებელი.
„არის ლოჯისტიკური და უსაფრთხოების საკითხები. როგორ წარმოგიდგენიათ, ომში ჩართულ ქვეყანაში 25-კაციანი დელეგაცია ჩავიდეს და მეც მინდა იძახონ. არასერიოზულია სამი არა, 25 წავიდეთო.
ომის პარტიის წარმომადგენლებთან დელეგაციებში სიარული დიდი შვება და სიამოვნება ჩვენთვის არ არის. ვერ წარმომიდგენია, ასეთ საკითხებში როგორ დალაგდე ომის პარტიის წარმომადგენლებთან. ამ პარლამენტში არიან სხვა ოპოზიციონერები, ვისთან ერთადაც მონაწილეობა კარგი იქნებოდა.
სანამ ომის პარტია და მათი პარტიული ტელევიზიები დაკავებული იყვნენ იმით, რომ შალვა პაპუაშვილი გაეშავებინათ, აღმოჩნდა, თურმე, პაპუაშვილი დაკავებული იყო სტეფანჩუკთან მუდმივი კომუნიკაციით, მასთან ონლაინშეხვედრით. მეგობარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მესიჯები მოვისმინეთ და ეს შემთხვევითი არ არის. ვამბობდით, რომ პოზიციების ცვლილება იქნებოდა საიმისოდ, რომ ნაბიჯები გადაგვედგა. მისასალმებელია რადას თავმჯდომარის პოზიცია, რაც გაახმოვანა შალვა პაპუაშვილთან და ინტერვიუს დროს. ხელ-ფეხი გაგვეხსნა, ყოველგვარი დათქმების გარეშე ჩავიდეთ და ჩვენი გულწრფელი ემოცია დავაფიქსიროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.