ვოლოდიმირ ზელენსკი: აზერბაიჯანისთვის რთულია შეიარაღებით დაეხმაროს უკრაინას, რადგან მათ აქვთ მთიანი ყარაბაღი, ასევე, გეტყვით, რომ აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორის, რომელთა ნეიტრალურობის ბალანსი ჩვენთვის გასაგებია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზერბაიჯანის ნეიტრალური პოზიცია კიევისთვის გასაგებია, თუმცა, დიდხანს ეს გაგებაც ვერ გასტანს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა უცხოელ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინა აზერბაიჯანისგან მეტს ელოდება.

 

„მე აზერბაიჯანისაგან ჯერ არ გამიგია, რომ ის მზადაა, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ პრეზიდენტი ალიევი მუდამ მხარს უჭერდა უკრაინას. იყო ჰუმანიტარული დახმარება, იყო სამედიცინო მხარდაჭერა. რაც შეეხება შეიარაღების საკითხს. ჩემი აზრით, დღეს აზერბაიჯანისთვის რთულია შეიარაღებით დაეხმაროს უკრაინას, ეს სიმართლეა და ამის გაგება შესაძლებელია, რადგან მათ აქვთ მთიანი ყარაბაღი, არსებობს ეს საკითხი, ის ისტორიული და ძალიან რთული საკითხია, მე ეს მესმის.

ასევე, გეტყვით, რომ აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორის, რომელთა ნეიტრალურობის ბალანსი ჩვენთვის გასაგებია. მე მესმის, რადგან აი, ახლა შეიძლება დაიწყოს ომი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მეტს ველოდებით, დიდხანს ჩვენი მხრიდან ეს გაგება ვერ გაგრძელდება, რადგან ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ყოველდღე იღუპებიან ჩვენი ბიჭები, თქვენც უნდა გაიგოთ ჩვენი. აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობები გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Back to top button