უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა თითქმის გააორმაგა ევროკავშირისთვის მიწოდებული საწვავით მიღებული შემოსავალი. გაყიდვების მოცულობის შემცირების მიუხედავად, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ მოსკოვს დაახლოებით 62 მილიარდი ევრო მოუტანა, ამის შესახებ ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ფინური ცენტრი CREA იტყობინება.
CREA-ს დასკვნის თანახმად, რომელსაც ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” ეყრდნობა, რუსეთი აგრძელებს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულების კაპიტალიზაციას, ევროკავშირის ლიდერების მცდელობის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არ გამოიყენოს ენერგომატარებლები პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტად.
ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის ექსპორტის წყალობით, უკრაინაში მიმდინარე ომის ორი თვის განმავლობაში, რუსეთმა 44 მლრდ ევროს შემოსავალი მიიღო. გასული მთელი წლის განმავლობაში რუსეთმა 140 მლრდ ევრო მიიღო, თვეში დაახლოებით 12 მლრდ ევრო.
მთავარი შემსყიდველი კვლავ გერმანიაა, ქვეყნის ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, რომ მაქსიმალურად უნდა შემცირდეს რუსეთზე დამოკიდებულება. გერმანიამ, რუსეთისგან ორი თვის განმავლობაში 9 მლრდ ევროს ღირებულების ენერგომატარებლები შეიძინა.
სანქციებისა და საექსპორტო შეზღუდვების მიუხედავად, ფასების ზრდა უფრო მეტად ანაზღაურებს რუსეთის გაყიდვების შემცირებით განპირობებულ დანაკარგს. ფინური ცენტრის ექსპერტების დასკვნით, ახალი დამატებითი სანქციები ფასების მეტად ზრდას მოემსახურება, რაც ბრიუსელს ჩიხში შეიყვანს.
CREA-ს ექსპერტების თანახმად, პუტინის “საბრძოლო მანქანის შესაჩერებლად” გამოსავალი იქნება რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებაზე სწრაფად და სრულად უარის თქმა.