ირაკლი ღარიბაშვილი არესტოვიჩის განცხადებაზე: სამწუხაროა, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და შეურაცხყოფებით ზიანდება ჩვენი მთავარი ურთიერთობა ჩვენს უკრაინელ ხალხთან

სამწუხაროა ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და შეურაცხყოფებით ზიანდება ჩვენი მთავარი ურთიერთობა ჩვენს უკრაინელ ხალხთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც არესტოვიჩს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს უკრაინელების დასახმარებლად.

 

“თქვენს მიერ ხსენებული ადამიანი თავად არის შეურაცხყოფა. არ მინდა ბევრი ვისაუბრო და გავაკეთო კომენტარი. სამწუხაროა ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და შეურაცხყოფებით ზიანდება ჩვენი მთავარი ურთიერთობა ჩვენს უკრაინელ ხალხთან. თუმცა ყველას ვარწმუნებ, რომ ვერც ერთი ვერ შეძლებს ჩვენს უკრაინელ ძმებთან და დებთან ურთიერთობის გაფუჭებას. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ჩვენი უკრაინელების დასახმარებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველო არის ნომერ პირველი 190 ქვეყანას შორის, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში, მთელს მსოფლიოში, 500 ტონაზე მეტი.

ხალხია ამ პროცესში ჩართული სოლიდარობის გამოსახატავად, დასახმარებლად. აქ, ადგილობრივად ვინც ჩამოვიდნენ უკრაინელები, ვეხმარებით მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვუკეთებთ. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ქვეყნები რჩება, ხალხი და საზოგადოება რჩება ადგილზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველაფერს ხელს შევუწყობთ”,- განაცხადა პრემიერმა.

Back to top button