მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მთელი ქვეყნის, რეგიონების, სოფლების მასშტაბით- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების” დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მერის მოვალეობა და მისი ყოველდღიური საზრუნავი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა იქნება. პრემიერის თქმით, მერი ყველა სოფელში, ყველა უბანში თავად უნდა ჩავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას, მოუსმინოს მათ პრობლემებს და დროულად, ოპერატიულად და ეფექტიანად გადაუწყვიტოს ნებისმიერი პრობლემა.
“ჩვენი მთავარი გამოწვევა, გარდა ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, რა თქმა უნდა, არის სიღარიბე, უმუშევრობა და ჩვენი ეკონომიკა. ამ მიზნით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. მერის მოვალეობა სწორედ უნდა იყოს და იქნება, მე მჯერა, ჩვენი კანდიდატის მოვალეობა და მისი ყოველდღიური საზრუნავი იქნება ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა. მერი ყველა სოფელში, ყველა უბანში თავად უნდა ჩავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას, მოუსმინოს მათ პრობლემებს. დროულად, ოპერატიულად, ეფექტიანად გადაუწყვიტოს ადგილზე ნებისმიერი პრობლემა. ცენტრალური მთავრობის დახმარება რა თქმა უნდა, მას გარანტირებული ექნება. ჩვენ, მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მთელი ქვეყნის, რეგიონების, სოფლების მასშტაბით”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.