გია ცაგარეიშვილი: რაციონალურობა და გონიერება არ არის სიმხდალე და ლაჩრობა – ვერც ერთი პავილიონისი და ვერც ერთი ფოტიგა ვერ მასწავლის ჩემი მამულის სიყვარულს

რაციონალურობა და გონიერება არ არის სიმხდალე და ლაჩრობა – პირველ რიგში ეს სჭირდება ხელისუფლების სათავეში მყოფ ძალას, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა – ჩვენ გვყავს შინაური მტერი მომართული იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანა დაამხოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის, თუ მეგობარი ქვეყნის დეპუტატის მოწოდება, რომ ხელისუფლება არის რუსეთუმე, უნდა დაემხოს და ხელისუფლებაში პუტინისტები არიან, სრული სიყალბეა.

 

„ეს არ არის ის ხელისუფლება, რომელიც 2008 წელს გვყავდა ქვეყანაში. უკრაინაში არც უშვებდნენ იმას, რომ მარიუპოლი მოხდებოდა, მაგრამ მოხდა, ამიტომ ჩვენ გვყავს ისეთი ავი მეზობელი, რომლისგანაც ყველაფერს უნდა მოველოდეთ, თანაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ისეთი გამოცდილება გვაქვს, ისეთი „სამწუხარო, მდიდარი გამოცდილება“ გვაქვს ამ მიმართულებით, რომ შეგვიძლია სხვას დავარიგოთ და ვასწავლოთ ჭკუა.

 

მსოფლიოს, რომ სხვა თვალით შეეხედა 2008 წლის მოვლენებისთვის, არც ყირიმის ოკუპაცია მოხდებოდა და არც ეს უბედურება მოხდებოდა დღეს რაც უკრაინაში ტრიალებს. 2008 წელს ბევრი არათანმიმდევრული ნაბიჯი გადაიდგა იმის შემდეგ, რაც კონფლიქტი გაღვივდა იმის შემდეგ, რაც ოკუპაცია დაიწყო და დაიწყო რუსეთის საჯარისო ნაწილების შემოჭრა საქართველოში. ჩვენ დავმარცხდით ამ ომში, ეს ომი არ მოგვიგია მიუხედავად იმ გამართული კონცერტებისა და ღრეობებისა, რაც იკადრა მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ დავმარცხდით, მწარედ დავმარცხდით, ჩვენ ადამიანები დავკარგეთ, რომელთა ცხედრები მიატოვა მთავარსარდალმა და ხელისუფლებამ და რომ არა უწმინდესის ძალისხმევა, დღეს ადამიანებს საფლავებიც არ ექნებოდათ. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ იქცეოდნენ უგულავა, სააკაშვილი, კეზერაშვილი და სხვები, იმჟამინდელი ხელისუფლების სათავეში მყოფი დაჯგუფების წევრები და ჩვენ იგივეს არ გავიმეორებთ, რადგან ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს.

 

რაციონალურობა და გონიერება არ არის სიმხდალე და ლაჩრობა – პირველ რიგში ეს სჭირდება ხელისუფლების სათავეში მყოფ ძალას, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. ჩვენ არ გვჭირდება სამოქალაქო დაპირისპირება, ჩვენ არ გვჭირდება უცხოელი ემისრების მოწოდება ხელისუფლების დამხობის თაობაზე, ჩვენ არ გვჭირდება ზოგიერთი ევროპარლამენტარის, თუ მეგობარი ქვეყნის დეპუტატის მოწოდება, რომ ხელისუფლება არის რუსეთუმე, უნდა დაემხოს და პუტინისტები არიან ხელისუფლების სათავეში, რაც თავიდან ბოლომდე სიყალბეა. ვერც ერთი პავილიონისი და ვერც ერთი ფოტიგა მე ვერ მასწავლის ჩემი მამულის სიყვარულს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

ამასთან, როგორც ცაგარეიშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო და არა ხინკლის ჭამა.

 

ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის შეუძლოდ ყოფნის არ სჯერა, თუმცა თუ გახდა საჭირო, პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

 

„მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა სპეციალური გეგმით, რომ დაემხო ხელისუფლება ძალადობრივი გზით თავის ავაზაკებთან ერთად, რომელთა ნაწილი უკრაინას აფარებს თავს, ნაწილი რომელ სოროშია შემძვრალი კაცმა არ იცის, ნაწილი გასამართლებულია, ციხეებშია, ნაწილმა მოიხადა სასჯელი და ნაწილი კრიმინალია – მაგალითად, ნიკა მელია, რომელიც პავილიონისთან ერთად მეპრანჭება ვილნიუსიდან, რომელიც ბანკებს აკოტრებდა და ადეიშვილის ხელის ბიჭი იყო. წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვარო ამბობს და არის ქურდ-ბაცაცა, ჯიბგირი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში ხელს აფათურებდა იმიტომ, რომ უნდოდა მისი ბანკი გაეკოტრებინა.

 

ჩვენ გვყავს შინაური მტერი მომართული იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანა დაამხოს. სააკაშვილი ავადმყოფობის არ მჯერა. დაშვების დონეზე, რომ დავუშვათ, რომ ის არის შეუძლოდ, არსებობს სახელმწიფო სახელად საქართველო, რომელიც იცავს პატიმარ სააკაშვილის უფლებებს, პატიმრის უფლებებს, ჯანდაცვა ხელმისაწვდომია საპატიმროში და პენიტენციურ სისტემაში. თუ არ ვცდები ორ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და მაგის მოსაწონი საავადმყოფო ვერ აშენდა საქართველოში. დაშვების დონეზე გეუბნებით, რომ თუ გახდა საჭირო, პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

Back to top button