საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა 16 და 17 აგვისტოს გაიმართება. კომისიის წევრები, საზოგადოებას, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს 16 აგვისტოს, 13.00 საათზე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 17 აგვისტოს, 12.00 საათზე თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გააცნობენ.
კონსტიტუციური კანონ პროექტი 91 დეპუტატის ხელმოწერით, 29 ივნისს დაინიცირდა. ორ პუნქტიან საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი „ქართული ოცნების”, „სტრატეგია აღმაშენებლის”, „ლელოს”, „მოქალაქეების” და „გირჩის” წარმომადგენლებმა მოაწერეს. ცვლილებების თანახმად, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება. ასევე, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი.