ანდრია გვიდიანი: საინტერესოა, ვისი მეგობარია ამერიკის საელჩო – ქართული საზოგადოების და შესაბამისად, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, თუ დამნაშავე პოლიტიკოსის?

,,ამერიკის ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება შემხვდა, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის საკითხთან მიმართებით, ნინო ლომჯარიას უნდა მოუსმინოს. ქალბატონი ელჩი იქვე ხაზს უსვამს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ მანდატს, რომ ის თითოეული მოქალაქის უფლებებს იცავს და, შესაბამისად, საყურადღებოა მისი პოზიციები,’’ – ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ამერიკის ელჩის კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

 

როგორც გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს, კარგი იქნება, თუ ამერიკის ელჩი ბუნდოვანი პოლიტიკური განცხადებების გარეშე მკაფიოდ დააფიქსირებს თავის პოზიციებს კითხვებზე.

 

,,ამერიკის ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება შემხვდა, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის საკითხთან მიმართებით, ნინო ლომჯარიას უნდა მოუსმინოს. ქალბატონი ელჩი იქვე ხაზს უსვამს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ მანდატს, რომ ის თითოეული მოქალაქის უფლებებს იცავს და, შესაბამისად, საყურადღებოა მისი პოზიციები.

 

სამწუხარო ის არის, რომ ქალბატონ ელჩს გამორჩა იმავე კონსტიტუციაში არსებული მკაფიო ჩანაწერი, რომელიც აზუსტებს ნებისმიერი მოქალაქის კანონის წინაშე თანასწორობას. განურჩევლად თანამდებობისა, თუ პოლიტიკური სტატუსისა.

 

უდავოა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკა დასავლეთის და კერძოდ აშშ-ის მიმართ სტრატეგიულ პარტნიორობის შესახებ. ცნობისთვის, ეს სტრატეგიული პარტნიორობა გამყარებულია საქართველოს მიერ გატარებული არაერთი პოლიტიკით და უამრავი ფაქტობრივი ნაბიჯით. მათ შორის, კონსტიტუციაში არსებული მკაფიო ჩანაწერებით.

ხელისუფლების პოლიტიკის გარდა, ხაზგასასმელია, რომ ქართულ საზოგადოება მხარს უჭერს ამ ქვეყნის პროდასავლურ კურსს – ეს არის ქართველი ერის არჩევანი. შესაბამისად, როგორც ქართული საზოგადოება, ისე საქართველოს ხელისუფლება აშშ-სთან მეგობრობის და სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილში, ერთსულოვანია.

 

ამ ყველაფრის ფონზე, პირადად ჩემთვის გაუგებარია, სააკაშვილის მიმართ, ელჩის მხრიდან გაკეთებული ტენდენციური განცხადება. ასევე გაუგებარია, სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ გამოხატული უპირობო ნდობა, რაც ირიბად სახელმწიფო ინსტიტუტების უნდობლობაზე მიანიშნებს. ამდენად, ჩნდება კითხვები: – ამერიკის საელჩო ატარებს საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მეგობრობის პოლიტიკას, თუ ეს მეგობრობა გამოხატულია ერთი კონკრეტული ოპოზიციური ჯგუფის მიმართ?! – აქვს თუ არა ამერიკის საელჩოს ნდობა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ, თუ ეს ნდობა მიმართულია “ნაციონალური მოძრაობის” დამცველი ე.წ. სახალხო დამცველის ინსტიტუტისადმი?! – გარდა ამისა, ისიც საინტერესოა, ამერიკის ელჩი პატივს სცემს თუ არა ქართული საზოგადოების არჩევანს, რომელმაც განსაზღვრა ხელისუფლების ვინაობა და ამ ქვეყნის მართვის მანდატი ქართულ ოცნებას მიანიჭა?! აქვე ქალბატონ ელჩს მინდა შევახსენო, რომ მიხელ სააკაშვილს ჩადენილი აქვს არაერთი უმძიმესი დანაშაული.

შესაბამისად, მისი პატიმრობა განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო უამრავი კანონდარღვევით. P.S. – ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ამერიკის ელჩი ბუნდოვანი პოლიტიკური განცხადებების გარეშე, მკაფიოდ დააფიქსირებს თავის პოზიციებს ზემოთ მოყვანილ კითხვებზე. საინტერესოა, ვისი მეგობარი და მოკავშირეა ამერიკის საელჩო – ქართული საზოგადოების და, შესაბამისად, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, თუ დამნაშავე პოლიტიკოსის, რომელიც უნიჭოდ დადგმული სპექტაკლებით აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას?!’’ – წერს გვიდიანი facebook – ზე.

Back to top button