ირაკლი ღარიბაშვილი: აქტიურად გავაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას; ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცით მოსახლეობისთვის არჩევნებამდე, იქნება შესრულებული

დღეს ჩვენ ვსტუმრობთ გურიას. მე ჩამოვედი მინისტრებთან და ადგილობრივ მერებთან ერთად, ვათვალიერებ მიმდინარე სამუშაოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის აქტიურად გააგრძელებს რეგიონებში სტუმრობას და ყველა ის დაპირება, რომელიც მოსახლეობისთვის არჩევნებამდე გაიცა, იქნება შესრულებული.

 

„ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ყველა ის სამუშაო, რომელიც დავიწყეთ გასულ წელს. „განახლებული რეგიონების” ფარგლებში უტარდება რეაბილიტაცია შენობებს, სკვერებს, გალამაზება და განახლება ხდება მთელი ამ ტერიტორიების, შენობებისა და სკვერების, პარკების. ჯამში 20 მლნ ლარი იხარჯება ამ პროექტებზე.

ჩვენ დღეს მოვინახულეთ ახალი აშენებული სკოლა ჩოხატაურში, ოზურგეთში ასევე ახალ სკოლას დავათვალიერებ. მოგეხსენებათ, რომ 800 სკოლის რეაბილიტაცია არის უკვე დაგეგმილი, დავალება მაქვს მიცემული და აქედან, 80 ახალი სკოლა აშენდება, დანარჩენს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის განკუთვნილი.

მე აქტიურად გავაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას. ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცით მოსახლეობისთვის არჩევნებამდე, იქნება შესრულებული და ამას პირადად გავაკონტროლებ. ყველა ჩართულია ამ პროცესში და მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button