კახა კუჭავა: აუცილებელია, სრულიად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტშია

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ქართული ოცნების” გარდაბნის მერობის კანდიდატის დავით კარგარეთელის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„როდესაც გარდაბანზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გვახსენდება გარდაბნის თბოელექტროსადგური, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ამ რამდენიმე დღეში, ჩვენ მოვიარეთ ქვემო ქართლი, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია სოფლის მეურნეობით, იმ პროდუქციით, რომელიც აქ იქმნება და იმ დოვლათით, რომელსაც ქმნიან ოჯახები საქართველოსთვის – გარდაბანი მათ შორის გამორჩეულია.

აქაური პროდუქტი გამოირჩევა ხარისხით და არა მხოლოდ საქართველოში. გარდაბნის მოსახლეობა ეთნიკურად ძალიან მდიდარია. აქ ცხოვრობს შრომისმოყვარე ხალხი და აუცილებელია, სრულიად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც არის არა მარტო აქ, არამედ თითოეულ მუნიციპალიტეტში. ხორციელდება არაერთი სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თუმცა არის ბევრი სხვა სახელმწიფო პროგრამა და დაფინანსება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სრულიად გამოიყენოთ ის პოტენციალი და შესაძლებლობები, რომელიც ამ მუნიციპალიტეტში გაგაჩნიათ.

მთავარი მიზანი, რაც უნდა ჰქონდეს მერს არის თქვენთან კომუნიკაცია, ახალგაზრდობის ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღებაში ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა და რაც ყველაზე მთავარია, მუნიციპალიტეტისთვის საჭირო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.

ეს არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ სოფლის მეურნეობას, ამ მუნიციპალიტეტს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. დაახლოებით ორი თვის წინ ჩვენ იუსტიციის სახლი გავხსენით და დღეს უკვე გარდაბანში შესაძლებელია ყველა საჯარო სერვისის მიღება. ამ კუთხით კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ხელმისაწვდომობას ყველა იმ სერვისზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდება. ჩვენი გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ, თუმცა, აუცილებელია თქვენი აქტიურობა“ – განაცხადა კუჭავამ.

 

Back to top button