გურამ გურამიშვილი ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის მინისტერიალში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი საერთაშორისო ტრანსპორტის ფორუმის (ITF) მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მიმდინარეობს.

 

წლევანდელი სამიტის ძირითადი თემაა „ტრანსპორტი ინკლუზიური საზოგადოებისთვის” (Transport for Inclusive Society). მინისტრიალზე განხილული იქნება საავტომობილო ტრანსპორტის, საგზაო უსაფრთხოების და ზოგადად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სექტორში მიმდინარე ტენდენციები პოსტ-პანდემიის პერიოდში, აგრეთვე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ფორუმზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და მათ გავლენაზე რეგიონულ სატრანსპორტო მიმოსვლაზე. ასევე განიხილება ახალი სატრანსპორტო მარშრუტები, რათა მინიმუმამდე იქნეს შემცირებული ნეგატიური მოვლენების გავლენა საერთაშორისო და რეგიონულ სატრანსპორტო გადაზიდვებზე.

 

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც სამთავრობო, ასევე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბიზნესის წარმომადგენლებთან.

 

ITF წარმოადგენს სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფარგლებში მოქმედებს და აერთიანებს 59 ქვეყანას. საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი ყოველწლიურად მართავს მაღალი დონის ტრანსპორტის სამიტს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ წევრი სახელმწიფოების ტრანსპორტის მინისტრები, კერძო სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, ასოციაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.

 

საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ყოველწლიური სამიტი არის ტრანსპორტის მინისტრების მსოფლიოში ყველაზე დიდი ღონისძიება და გლობალური სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი ღონისძიება.

Back to top button