მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბუნდესტაგში ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალისტური კავშირის (CDU/CSU) სპიკერს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იურგენ ჰარდტსა და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში ფრაქცია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მომხსენებელს, იოჰანეს შრაპსს შეხვდა.

 

შეხვედრებზე განხილვის მთავარ საკითხები იყო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია.

 

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა გერმანიის და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის მკაფიო მხარდაჭერისა და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელოვან პროგრესზე და აღნიშნა, საქართველოს მზაობა შემდგომი ნაბიჯები გადადგას ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით. ხაზი გაესვა, რომ საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის კონტექსტში, ოფიციალური ბერლინის პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 

მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს მადლობა გადაუხადა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

გერმანელმა კოლეგებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს და შეფასების კითხვარის დროულად შევსებას. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროგრესი იქნება შესაბამისად შეფასებული ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

Back to top button