საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა თავდაცვის ძალების მშენებლობის საკითხში განსაკუთრებულია.
„2021 წლის ბოლოს წარმატებით დასრულდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებში მომზადდა და აღიჭურვა 9 სამანევრე ბატალიონი. პროგრამის წარმატებით განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას, რომლის ურთიერთგაგების მემორანდუმს 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში მოვაწერეთ ხელი. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, შემუშავდა მისი განხორციელების ორმხრივი კონცეფცია (2022-2027). აღნიშნული დოკუმენტის მიზანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, შეკავების და ნატო-სთან თავსებადობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მინისტრმა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, 2021 წელს ამერიკულმა მხარემ საქართველოს 35 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, 2022 წელს კი, საქართველომ ჯამში შეერთებული შტატებისაგან 67.4 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.
ყურადღება გამახვილდა კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეულ დახმარებაზეც. ამ მიზნით, 2021 წელს აშშ-ის ევროპულ სარდლობასა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით, დაახლოებით 6,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების არსებითად გაუმჯობესება მიმდინარეობს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსა და თავდაცვის ძალების ქმედითი და ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა პარტნიორული ურთიერთობები დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიის, სკანდინავიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, ასევე, აღნიშნა თავდაცვის ძალების მხარდაჭერის მიმართულებით თურქეთის ძალისხმევა და საქართველო – აზერბაიჯანი – თურქეთის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები.