„სავალდებულო სამსახურის მიმართულებით, ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც მზადაა ინიცირებისათვის. აღნიშნული რეფორმებით დამთავრდება სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებული ნაკლოვანებები, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას.
მისი განმარტებით, ჩამოყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის ვადაც 12-ის ნაცვლად, 8 თვე იქნება. წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ახალგაზრდები მაღალი დონის საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) გაივლიან და სამსახურის პერიოდში მხოლოდ სამხედრო ამოცანებს შეასრულებენ.
„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების ინსტიტუციონალური განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ამ კუთხით მან სავალდებულო სამსახურის განახლების გარდა, სარეზერვო სამსახურის წარმატებული რეფორმის განხორციელებაზეც გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ აქტიური (ტერიტორიული) რეზერვის, სამობილიზაციო რეზერვისა და „თავდაცვის მოხალისე ძალების“ მიმართულებებში სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის კომპონენტებია ინტეგრირებული. „მხოლოდ 2021 წელს აქტიურ რეზერვში მიღებულ პირთა რაოდენობამ 800-მდე სამხედრო მოსამსახურე შეადგინა. 2022 წელს, ასევე ვაგრძელებთ აქტიური რეზერვის გაძლიერებას და წლის ბოლომდე ვგეგმავთ დამატებით ხუთი ასეულის დაკომპლექტებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული გვარდია ორიენტირებულია ტოტალური თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერაზე. მისივე თქმით, იგეგემება ეროვნული გვარდიის ბაზაზე არსებული სასწავლო ცენტრების განვითარება და უფრო მეტი საშუალებებით აღჭურვა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამობილიზაციო რეზერვის მიმართულებით ეროვნულ გვარდიაში შექმნილ საინფორმაციო ბაზაზე, სადაც იდენტიფიცირებულია სამხედრო ცოდნისა და პროფესიების მოქალაქეები. მან აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება მოხალისეთა და საზოგადოებრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს.