მინდა შევაფასო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული. როგორც თავად ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს და პარტნიორებმა, ჩვენმა მეგობრებმა, გუშინ იყო მართლაც ისტორიული დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დამსახურებულად მიენიჭა.
„საქართველომ, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ და ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა მიენიჭა საქართველოს, ჩვენს ქვეყანას დამსახურებულად. რა თქმა უნდა, თქვენ ნახეთ, რომ ჩაიწერა პირდაპირ, ღიად, საჯაროდ, რომ რეალურად, ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, პრინციპულობის, ბრძოლის და ჩვენი მთავრობის 10-წლიანი მუშაობის შედეგის აღიარებაც. ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, რეალურად, ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში და პირდაპირ იქნა ჩაწერილი, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს ნამდვილად არის დამსახურებული მონაპოვარი და მე ვულოცავ ქართველ ხალხს”, – აღნიშნა პრემიერმა.