ბოლო სამი თვეა ინტენსიურად ვითარდება ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამის ერთ-ერთი დამამტკიცებელი ნიშანია-ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია ყირიმის პლატფორმის სამიტი, სადაც 44 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს პრემიერი.
“უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტია. მინდა გითხრათ, რომ ბოლო სამი თვეა ინტენსიურად ვითარდება ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და დღევანდელი ვიზიტი ამის ერთ-ერთი დამამტკიცებელი ნიშანია. ბოლო სამ თვეში განხორციელდა პრეზიდენტების ვიზიტები საქართველოში და უკრაინაში, ასევე, უკრაინის პრემიერ-მინისტრი იყო ჩამოსული და ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვმასპინძლობთ უკრაინაში. ამის გარდა, მნიშვნელობა ენიჭება ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობას და როგორც მოგეხსენებათ, 44 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს პრემიერი, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია იმისა, რომ ერთიანი ფრონტით უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი დეოკუპაციისთვის და ქართველების მონაწილეობა ყირიმის პლატფორმაში ამას ხაზს უსვამს”,-განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძემ.