საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მე-9 როტაციის ფარგლებში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითმა ბატალიონმა საბრძოლო სროლებით დასკვნითი სწავლება ჩაატარა. ასეულის დონის ქვედანაყოფმა ვაზიანის პოლიგონზე შეტევითი ოპერაციები განახორციელა. მოიერიშე ელემენტმა დაბრკოლებები გაიარა, მოწინააღმდეგეზე იერიში განახორციელა და ობიექტი დაიპყრო. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები აკვირდებოდნენ.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითი ბატალიონი სწავლებას საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე 13 კვირის განმავლობაში გადიოდა. განსაკუთრებული ყურადღება ქვედანაყოფის ტაქტიკურ მოქმედებასა და დავალებების სწორად შესრულებას დაეთმო. ბატალიონს ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები ამზადებდნენ.
GDRP-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მომზადება 9 ბატალიონმა გაიარა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.